აფხაზეთის ომის შემდეგ დევნილთა ყველაზე დიდი ნაკადი ზუგდიდმა მიიღო, მათი ნაწილი გარკვეული დროის შემდეგ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში დაიფანტა, მაგრამ დღეს ზუგდიდის დევნილთა კომპაქტურ ცენტრებში უამრავი დევნილი ცხოვრობს. მათი პრობლემები თითქოს ყველასთვის ნაცნობია, დევნილობის მძიმე ხვედრით გატანჯული ადამიანები პირველი რასაც ასახელებენ, ყოფითი პრობლემებია, არსებობისთვის აუცილებელი პირობების შექმნა. თუმცა ასეთ კომპაქტურ ცენტრშიც შეიძლება აღმოაჩინო ადამიანი რომელიც პირდაპირ გეტყვის ჩემი პრობლემა უსიყვარულობააო. ქეთი ერთ– ერთი იმ გოგონათაგანია, რომელმაც მთელი ცხოვრება დევნილს დაუკავშირა. საკუთარი სოფლის იმ ბაღში სადაც ბავშვობა გაატარა შემდეგ გაურკვეველი დროით გადავიდა საცხოვრებლად. ის დევნილის და თან ჯარისკაცის ცოლია.
ქეთი თავის ამბავს ასე ყვება: „საქართველოში ისეთი მდგომარეობა იყო აქ გაჩერება არ მინდოდა, კარგად ვსწავლობდი, მაგრამ თუ გავჩერდებოდი ვიცოდი პერსპექტივა არ მქონდა, დიდი შრომის შედეგად და მეგობრების დახმარებით გერმანიაში წასასვლელად ყველაფერი მოვამზადე, სამ დღეში უნდა წავსულიყავი, ძალიან მიჭიირდა, რადგან შეყვარებული ვიყავი და ვიცოდი მის გარეშე გამიჭირდებოდა, რაღაცნაირად შეჩვეული ვიყავი, რომ ხშირად ვერ ვხედავდი რადგან ჯარში მსახურობდა და ვერ ვნახულობდით ერთმანეთს, მაგრამ ხომ იცი მაინც სხვა ქვეყანაში რომ მიდიხარ უფრო ძნელია, ეტყობა ისიც ფიქრობდა რომ თუ გერმანიაში წავიდოდი ყველაფერი დასრულდებოდა და ისე მოხდა რომ ჩემთვის საყვარელმა ადამიანმა ფაქტიურად ძალდატანებით წამიყვანა ცოლად. მეორე დღეს განგაში გამოცხადდა და წავიდა, ჩემი ნახვა ვერც შეძლო ისე წაიყვანეს ერაყში, რამდენიმე მოსაწყენი და მტანჯველი თვე გადავიტანე, თუმცა რომ ჩამოვიდა არც მერე გამიხარია, ეჭვი არ მეპარება რომ ვუყვარდი და დღესაც ვუყვარვარ , მაგრამ ძალიან აგრესიული იყო, ფაქტიურად სრულიად უცხო ადამიანი შემრჩა ხელში, მე არაფერი მინდოდა მისი სიყვარულის გარდა, ვიტანდი იმ მძიმე პირობებს რაც ჩასახლებაში დამხვდა, ელემენტარული რამეებიც კი არ გვქონდა, მაგრამ ჩემთვის ყველაზე ძნელი ასატანი მისი აგრესიული და უკონტროლო ქცევა იყო, ზოგჯერ ვნატრობდი კიდეც რომ დიდი ხნით არ გამოეშვათ ჯარიდან, იქ რომ მეგულებოდა უფრო მშვიდად ვიყავი, ვხედავდი ყოველ დღე როგორ უხეშდებოდა და უფუჭდებოდა ნერვები, მინდოდა კონტრაქტი გაეწყვიტა, მაგრამ მთელი ოჯახი მის ხელფასზე ვიყავით დამოკიდებული და ისე მოხდა რომ დღესაც ჯარშია, უკვე ორჯერ იყო ავღანეთში. მთელმა ახალგაზრდობამ, ქორწინების საუკეთესო წლებმა მის მოლოდინში და მუდმივ შიშში გაიარა, ვერც კი ვაცნობიერებდი რომ ქმარი მყავდა და მარტოხელა დედად ვგრძნობდი თავს. ახლა შედარებით გამოსწორდა თუ მე შევეჩიე ამ ყველაფერს ვერ გეტყვი, როცა მის სამხედრო ფორმას ვრეცხავ მინდა რომ გადავყარო, სამუდამოდ მოვიშორო ჩემი ცხოვრებიდან, მის სანადირო თოფსაც კი ვერ ვიტან, მაგრამ თვითონაც მეცოდება, არ არის მის ბუნებაში ის რისი კეთებაც უწევს და ამიტომაც ეს მის ნერვულ სისტემას მძიმედ ატყვია, ახლა უკვე თვითონაც ამბობს რომ თავი უნდა დაანებოს, იცით ამხელა კაცი რაზე ოცნებობს? უნდა პატარა სახლი, საქონელი, შინაური ფრინველი, მათი მოვლა უყვარს, ჩვენ კი ჯერ კიდევ ამ ბაღის დანგრეულ შენობაში ვართ და არ ვიცით რა გველოდება, ნორმალური პასუხი ვერავისგან მივიღეთ.“
საქართველოს, ისევე როგორც ნებისმიერ ქვეყანას უნდა ყავდეს ჯარი , რომელსაც შეუძლია ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა, მაგრამ ის ფაქტი რომ ფაქტიურად ძალიან ძნელია იპოვო ოჯახი, რომლის სრუწლოვანი მამაკაცებიდან ერთი მაინც არ იყოს ჯარში, ეს უკვე არ შეიძლება ნორმად ჩაითვალოს.
ის , რომ ქართველი ახალგაზრდების საკამოდ დიდი ნაწილი კონრაქტით მსახურობს ჯარში დასაქმების სხვა შესაძლებლობების სიმცირით და გარკვეულ წილად იმითაც არის განპირობებული, რომ საზოგადოება ენდობა ქართულ ჯარს და იქ მსახური ავტორიტეტულად მიიჩნევა.
ჯარისკაცების უმრავლესობის ასაკი 20–დან 25 წლამდე მერყეობს, ეს ის ასაკია რა ასაკშიც საქართველოში სტატისტიკურად მამაკაცების უმრავლესობა ოჯახს ქმნის და მათ შორის ჯარისკაცებიც, თუმცა ქეთის მაგალითზე კარგად ჩანს რომ ასეთი ოჯახები მთელი რიგი პრობლემების წინაშე დგანან. ქეთის მდგომარეობაში დღეს საქართველოში ბევრი ქალია.
ხატია ძაძუა