Archive for the ‘სამეგრელო’ Category

ჯარისკაცის ცოლი

Posted: December 21, 2012 by unscr1325georgia in სამეგრელო

აფხაზეთის ომის შემდეგ დევნილთა ყველაზე დიდი ნაკადი ზუგდიდმა  მიიღო, მათი ნაწილი გარკვეული დროის შემდეგ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში დაიფანტა, მაგრამ  დღეს ზუგდიდის დევნილთა კომპაქტურ ცენტრებში უამრავი დევნილი  ცხოვრობს. მათი პრობლემები თითქოს ყველასთვის ნაცნობია, დევნილობის მძიმე  ხვედრით გატანჯული ადამიანები პირველი რასაც ასახელებენ, ყოფითი პრობლემებია, არსებობისთვის აუცილებელი პირობების შექმნა.  თუმცა ასეთ კომპაქტურ ცენტრშიც შეიძლება აღმოაჩინო ადამიანი რომელიც პირდაპირ გეტყვის ჩემი პრობლემა უსიყვარულობააო. ქეთი ერთ– ერთი იმ გოგონათაგანია, რომელმაც მთელი ცხოვრება დევნილს დაუკავშირა.  საკუთარი სოფლის იმ ბაღში სადაც ბავშვობა გაატარა შემდეგ გაურკვეველი დროით გადავიდა საცხოვრებლად. ის დევნილის და თან ჯარისკაცის ცოლია.

ქეთი თავის ამბავს ასე  ყვება:  „საქართველოში ისეთი მდგომარეობა იყო აქ გაჩერება არ მინდოდა, კარგად ვსწავლობდი, მაგრამ თუ გავჩერდებოდი ვიცოდი პერსპექტივა არ მქონდა, დიდი შრომის შედეგად და მეგობრების დახმარებით გერმანიაში წასასვლელად ყველაფერი მოვამზადე, სამ  დღეში უნდა წავსულიყავი, ძალიან მიჭიირდა,  რადგან შეყვარებული ვიყავი და ვიცოდი მის გარეშე გამიჭირდებოდა, რაღაცნაირად შეჩვეული ვიყავი, რომ ხშირად ვერ ვხედავდი რადგან ჯარში მსახურობდა და ვერ ვნახულობდით ერთმანეთს, მაგრამ ხომ იცი მაინც სხვა ქვეყანაში რომ მიდიხარ უფრო ძნელია, ეტყობა ისიც ფიქრობდა რომ თუ გერმანიაში წავიდოდი ყველაფერი დასრულდებოდა  და ისე მოხდა რომ  ჩემთვის საყვარელმა ადამიანმა ფაქტიურად ძალდატანებით წამიყვანა ცოლად. მეორე დღეს განგაში გამოცხადდა და წავიდა,  ჩემი ნახვა ვერც შეძლო ისე წაიყვანეს ერაყში, რამდენიმე მოსაწყენი და მტანჯველი  თვე გადავიტანე, თუმცა რომ ჩამოვიდა არც მერე გამიხარია, ეჭვი არ მეპარება რომ ვუყვარდი და დღესაც ვუყვარვარ , მაგრამ ძალიან აგრესიული იყო, ფაქტიურად სრულიად უცხო ადამიანი შემრჩა  ხელში, მე არაფერი მინდოდა მისი სიყვარულის გარდა, ვიტანდი იმ მძიმე პირობებს რაც ჩასახლებაში დამხვდა, ელემენტარული რამეებიც კი არ გვქონდა, მაგრამ ჩემთვის ყველაზე ძნელი ასატანი მისი აგრესიული და უკონტროლო ქცევა იყო, ზოგჯერ ვნატრობდი კიდეც რომ დიდი ხნით არ გამოეშვათ ჯარიდან, იქ რომ მეგულებოდა უფრო მშვიდად ვიყავი,  ვხედავდი ყოველ  დღე როგორ უხეშდებოდა და უფუჭდებოდა ნერვები, მინდოდა კონტრაქტი გაეწყვიტა, მაგრამ მთელი ოჯახი მის ხელფასზე ვიყავით  დამოკიდებული და ისე მოხდა რომ დღესაც ჯარშია, უკვე ორჯერ იყო ავღანეთში.  მთელმა ახალგაზრდობამ, ქორწინების საუკეთესო წლებმა მის მოლოდინში და მუდმივ შიშში  გაიარა,  ვერც კი ვაცნობიერებდი რომ ქმარი მყავდა და მარტოხელა დედად ვგრძნობდი  თავს.  ახლა შედარებით გამოსწორდა თუ მე შევეჩიე ამ ყველაფერს ვერ გეტყვი,  როცა მის სამხედრო ფორმას ვრეცხავ მინდა რომ გადავყარო, სამუდამოდ მოვიშორო ჩემი ცხოვრებიდან, მის სანადირო თოფსაც კი ვერ ვიტან, მაგრამ თვითონაც მეცოდება, არ არის მის ბუნებაში ის რისი კეთებაც უწევს და ამიტომაც ეს მის ნერვულ სისტემას მძიმედ ატყვია, ახლა უკვე თვითონაც ამბობს რომ თავი უნდა დაანებოს, იცით ამხელა კაცი რაზე ოცნებობს? უნდა პატარა სახლი, საქონელი, შინაური ფრინველი, მათი მოვლა უყვარს,  ჩვენ კი ჯერ კიდევ ამ ბაღის დანგრეულ შენობაში ვართ და  არ ვიცით რა გველოდება, ნორმალური პასუხი ვერავისგან მივიღეთ.“

საქართველოს, ისევე როგორც ნებისმიერ ქვეყანას უნდა ყავდეს ჯარი , რომელსაც შეუძლია ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა, მაგრამ ის ფაქტი რომ ფაქტიურად ძალიან ძნელია იპოვო ოჯახი, რომლის სრუწლოვანი მამაკაცებიდან ერთი მაინც არ იყოს ჯარში, ეს უკვე არ შეიძლება ნორმად ჩაითვალოს.

ის , რომ ქართველი ახალგაზრდების საკამოდ დიდი ნაწილი კონრაქტით მსახურობს ჯარში  დასაქმების  სხვა შესაძლებლობების სიმცირით და გარკვეულ წილად იმითაც არის განპირობებული, რომ საზოგადოება ენდობა ქართულ  ჯარს  და  იქ  მსახური ავტორიტეტულად მიიჩნევა.

ჯარისკაცების უმრავლესობის ასაკი 20–დან 25 წლამდე მერყეობს,  ეს ის ასაკია რა ასაკშიც   საქართველოში   სტატისტიკურად მამაკაცების უმრავლესობა ოჯახს  ქმნის და მათ შორის ჯარისკაცებიც,  თუმცა  ქეთის მაგალითზე კარგად ჩანს რომ ასეთი ოჯახები მთელი რიგი პრობლემების წინაშე დგანან. ქეთის მდგომარეობაში დღეს საქართველოში ბევრი ქალია.

ხატია ძაძუა

 

 

Advertisements

28  ოქტომბერს  ანაკლიაში  სასტუმრო  „Palm Beach“– ში  გაიმართა პოეზიის საღამო, რომლის ორგანიზატორი  ფონდი  „ნეფას“ ახალგაზრდული ჯგუფის მოხალისეები იყვნენ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ  ფონდი „ეგრისის“ მოხალისეები და კახათის წარმომადგენლები. კახათიდან წარმოდგენილი იყო სალომე გეთიას და სერგო გუგუჩიას ნახატები, ხოლო  მალვინა ჭანტურიამ  ნამდვილად გაგვაოცა თავისი არაჩვეულებრივი პოეზიით და კითხვის მანერით.

ახალგაზრდებმა წაიკითხეს  გვანცა ლუკავას, სალომე ქვარაიას, მარიამ გიგინეიშვილის, ანა აბულაძის ლექსები.   დიდი მოწონება დაიმსახურა  ანაკლიელი ახალგაზრდა მხატვრების ლეონტი ქვარაიას და ლუკა ყორშიას ნახატებმა, ისევე როგორც მათმა თვითმყოფადმა პოეზიამ.

ეს ახლაგაზრდული ჯგუფები ფილანტროპიის პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბდნენ. ღონისძების ერთ–ერთი მონაწილის ანა აბულაძის თქმით: „ ჩვენ დღეს ყველა ერთმა სიტყვამ გაგვაერთიანა და ეს სიტყვაა „ფილანტროპია“– ადამიანის  უანგარო სიყვარული.

საღამომ ძალიან სასიამოვნოდ  ჩაიარა, განსაკუთრებით საინტერესო იყო აზრთა გაცვლა თითოეული ახალგაზრდის შემოქმედებასთან დაკავშირებით, როგორც დამსწრეებმა აღნიშნეს ღონისძების დასასრულს, ასეთი საღამოები თითოეული ადამიანისთვის და მითუმეტეს ახალგაზრდებისთვის, მათი განვითარებისთვის აუცილებელია, დაიგეგმა მსგავსი  ღონისძიებები უკვე სხვა თემებში.

ხატია ძაძუა

                                                                                  ანაკლიაში სასტუმრო“ palm beach“-ში პროექტის „ქართულ–აფხაზური დიალოგი“ ფარგლებში გაიმართა ღონისძიება, რომლის ორგანიზატორი თბილისის ჩერქეზული კულტურის ცენრტი იყო, პროქტის მიზანია გადაიდგას ნაბიჯები აფხაზთა შემორიგებისკენ, რაშიც შუამავლის ფუნქციებს ჩერქეზი მოღვაწეები ასრულებენ. ღონიძიებას ესწრებოდნენ აფხაზი ახალგაზრდები, ჩერქეზი საზოგადო მოღვაწეები და აბაზური კულტურის ცენტრის წარმომადგენლები. თბილისის ჩერქეზული კულტურის ცენტრის დირექტორის განცხადებით: „ ჩერქეზული კულტურის ცენტრი თბილისში ახორციელებს ქართულ– ჩერქეზულ დიალოგს და ამ დიალოგის ფარგლებში გაიმართა უმნიშვნელოვანესი ღონისძიება აფხაზების მონაწილეობით, მათ შორის ჩრდილო კავკასიიდან და საკუთრივ აფხაზეთიდან , ამ შევხედრით იწყება დიდი დიალოგი აფხაზურ საზოგადოებასთან“ . ღონისძებაზე მოწვეულები იყვნენ ანაკლიის და ზუგდიდის ინტელიგენცია და საგანგებოდ მოწვეული სტუმრები , მათ შორის ფონდი „ნეფას“ წარმომადგენლები. ფონდის წარმომადგენელი ღონისძიებაზე შემდეგი სიტყვით გამოვიდა: „ჩვენი სათემო ფონდი „ნეფას“ ერთ–ერთ მთავარ სამუშაო მიმართულებას წარმოადგენს ქალთა ჩართულობა მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში და მშვიდობის კულტურის დანერგვა საზოგადოებაში, ამ მიზნის მისაღწევად ორგანიზაციას განხორციელებული აქვს რამდენიმე სამშვიდობო ღონისძიება და მომავალშიც აქტიურად ვაპირებს ამ კუთხით მუშაობას, რადგან ვთვლით რომ თემში მშვიდობის თემის პროპაგანდა ძალიან მნიშვნელოვანია და ყოველი ადამიანი უნდა აცნობიერებდეს, რომ მხოლოდ წმინდა ადამიანურ ურთიერთობებს შეუძლია დადგეს მაღლა კონფლიქტზე და იმ უდიდეს ზიანზე რაც მას მოაქვს ადამიანებისთვის.
კონფლიქტის დროს არ არსებობს დამარცხებული და გამარჯვებული, ის ერთნაირად უნგრევს ადამიანებს ცხოვრებას, ამიტომ თითოეული მხარე უნდა ცდილობდეს გააქტიუროს ნდობის აღდგენაზე მიმართული ღონისძიებები, წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ ძალადობის, სიძლვილის უწყვეტ ჯაჭვს, რომელსაც განუზომელი ზიანის მოტანა შეუძლია ნებისმიერი მხარისთვის.
საერთო სულიერი ღირებულებები არის ის საუკეთესო იარაღი, რასაც შეუძლია გააერთიანოს დაპირისპირებული მხარეები მშვიდობიანი, უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად. საბედნიეროდ ეს საერთო ფასეულობები არსებობდა ქართველ, აფხაზ და ჩერქეზ ხალხებს შორის და ჩემი აზრით სწორედ ეს უნდა იყოს მომავალშიც ჩვენი მშვიდობიანი თანაცხოვრების მთავარი გარანტი“.

ხატია ძაძუა

27 ივლისს ანაკლიაში გაიმართა აქცია სახელწოდებით “სუფთა ანაკლია”, რომლის სლოგანი იყო “ნუ დაწვები ნაგავში – ეს შენი სირცხვილია”! აქციის ორგანიზატორი იყო ანაკლიაში მოქმედი სათემო ფონდი ”ნეფა”. მონაწილეობას იღებდნენ ანაკლიის რწმუნებული, დეპუტატი, ფონდი “ნეფას” წარმომადგენლები და ახალგაზრდა მოხალისეები. აქციის მონაწილეებმა სანაპიროზე გაავრცელეს ბროშურები და მიიღეს მონაწილეობა სანაპიროს დასუფთავებაში. ანაკლიის რწმუნებული დაუკავშირდა დასუფთავების სამსახურს, რომელთაც გაიტანეს სანაპიროზე შეგროვებული ნაგავი.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის მაია ბულიას თქმით : “ჩვენი იმედი ის იქნება, რომ გაითვალისწინებენ ჩვენი აქციის სლოგანს და მგონია რომ არ დადგება მსგავსი აქციის ჩატარების საჭიროება და თვითონ ხალხი გააცნობიერებს, რომ სანაპირო არ უნდა დააბინძურონ და უნდა იყოს სუფთა”.

ხატია ძაძუა